ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისელი ექიმის ირაკლი მერკვილაძის საქმე განიხილა.
დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა მსჯავრდებულის ადვოკატმა და თავად ირაკლი მერკვილაძემ წარმოთქვეს. გარდა ამისა, დაცვის მხარემ შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულების დართვის შესახებ დააყენა, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
როგორც ირაკლი მერკვილაძემ განმარტა, საქმე “შეკერილია” და მის წინააღდეგ მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი დავით ხონელიძე იბრძვის. მერკვილაძის თქმით, ხონელიძე ყოფილი პროკურორია და ის პროკურატურაში გავლენით სარგებლობს.
მერკვილაძის ადვოკატის ზაზა ხაჟალიას თქმით, მსჯავრდებულმა შესავალ სიტყვაში განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე ისაუბრა.
“გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ არის გაზიარებული ერთი მხარის მიერ საქმეში ჩადებული ექსპერტიზის 6 დასკვნა. ეს საქმე თავისი შინაარსითა და არსით ძალიან ჰგავს დაინტერესებული პირის მიერ შეკვეთილ საქმეს. 5 წელია ბრძოლა მიმდინარეობს და ამ პიროვნებას მერკვილაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მანამდეც ჰქონდა აღძრული,”-განაცხადა მსჯავრდებულის ადვოკატმა ზაზა ხაჟალიამ.
ირაკლი მერკვილაძის მეუღლის, მეან-გინეკოლოგ ეკა ჩინჩალაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოა.
“არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ირაკლი მერკვილაძის წინააღმდეგ კონკურენტი სამშობიარო სახლის ადმინისტრაცია იბრძვის. ეს შეიძლება იმ ადვოკატებმა დაასაბუთონ, რომლებიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში “გაყრას” აწარმოებენ. ეს არის ფინანსური დავა. ბიზნეს დავის გამო ცნობილი ექიმი გზიდან ჩამოიშორეს,”-განაცხადა ეკა ჩინჩალაძემ.
აღნიშნულ საქმეს მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე განიხილავს.
მომდევნო სასამართლო პროცესი 8 ივნისსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა, ირაკლი მერკვილაძემ, 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა 2013 წელს ჩაუატარა. პაციენტი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
საქმის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, 2018 წლის 26 იანვარს, ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.