რა ზიანი მოაქვს თამბაქოს,
რა ნივთიერებებს შეიცავს ის და როგორია კანონმდებლობა ჩვენს ქვეყანაში- ქუთაისში თამბაქოს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია მოეწყო.
აქციის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ქალაქის მასშტაბით ხუთ ჯგუფად გადანაწილდნენ. მათ მოქალაქეებს თამბაქოს მავნებლობისა და პასიური მწეველობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ფლაერები დაურიგეს.
“ბავშვებმა მოქალაქეებს დაურიგეს ბროშურები, სადაც განმარტებულია თუ რა მავნე ნივთიერებებს შეიცავს თამბაქო და რა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას პასიური მწეველობა,”-განაცხადა თამბაქოს კონტროლის ალიანსის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორმა გიორგი ალფაიძემ.
ალფაიძის თქმით, საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს.
“მამაჩემი ხშირად ეწევა და ვეუბნები რომ მისთვის ეს მავნებელია. ვურჩევ ყველას რომ არ მოწიონ სიგარეტი,”-განაცხადა მოსწავლე ტატე ქათამაძემ.
ალფაიძის ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შედეგად, წელიწადში დაახლოებით 10 000 ადამიანი იღუპება, ხოლო 30 000 მოწევის შედეგად გამოწვეულ დაავადებებს ებრძვის.
აქციის მონაწილეებს თამბაქოს მავნებლობის შესახებ ტრენინგები და სემინარებიც ჩაუტარდათ.
მოსწავლეების მიერ გავრცელებულ ფლაერებში ნათქვამია, რომ თამბაქოს გამონაბოლქვში 4 000-ზე მეტი ქიმური შენაერთია, რომელთაგან 250 საშიში ტოქსინია.