ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულები და პროფკავშირების
წარმომადგენლები საპროტესტო აქციის ნაცვლად მოლაპარაკებებს გამართავენ. შეხვედრებზე მთავარი საკითხები უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მაღაროში დასაქმებულთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და ხელფასების მომატება იქნება.
მაღაროელებისა და “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველის შეხვედრა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. “ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო “ძველ ქალაქს” განუცხადეს, რომ შეხვედრა მაღაროელებთან აუცილებად უახლოეს 2-3 დღეში გაიმართება.
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, რამდენიმე დღის წინ 1972 წელს დაბადებული ზაზა აბრამიშვილი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში ჭერის ნაწილი გამთენიისას ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მუშა, ზაზა აბრამიშვილი ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა და ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. მიღებული ტრავმების შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა.