საერთაშორისო გამოცდილება და გენდერული
კვოტირების სურათი საქართველოში, კვოტირება-როგორც დროებითი და სპეციალური ინსტრუმენტი. აღნიშნული თემების შესახებ ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში იმსჯელეს.
“გენდერული კვოტირება”-საჯარო ლექცია ქუთაისის ქალთა კლუბისა და ასოციაციის “ქალები რეგიონის განვითარებისათვის” პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა წაიკითხა.
“გენდერული კვოტირების საკითხი საზოგადოებაში ჯერ კიდევ ცხარე დისკუსიის თემაა. ვეცადე, მეჩვენებინა ჩემი, როგორც კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულება საკითხისადმი. ვფიქრობ, რომ გენდერული კვოტირება, როგორც დროებითი ხელოვნური ინსტრუმენტი, ეფექტური იქნება იმისათვის, რომ ქალი ბოლომდე იყოს რეალიზებული,”-განაცხადა ხეცურიანმა.
გენდერული კვოტირება – წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ნორმას პოლიტიკურ ინსტიტუციებში – საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში – ქალთა მონაწილეობის გასააქტიურებლად. კვოტირების იდეა მოიაზრებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან.
ამ კუთხით საქართველოში პირველი ნაბიჯები 2011 წელს გადაიდგა, როდესაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რაც გულისხმობდა პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის დანერგვას. პარტია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სიის ყოველ ათეულში ორ ქალ კანდიდატს წამოაყენებდა, საბაზო დაფინანსების 10%-იან დანამატს მიიღებდა.