გუშინ, უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ,
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრები “მაუწყებლობის კანონთან” დაკავშირებით ვეტოს დაძლევენ. მისი თქმით, ვეტოს დაძლევას მხარს უმრავლესობის მხოლოდ 4 დეპუტატი არ უჭერს.
კომერციული ტელე-რადიო მაუწყებლები და სხვა მედიის წარმომადგენლები “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებსა და ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. რადიო “ძველი ქალაქი” ამ განცხადების ხელმომწერია და გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.
“18 იანვარს 60-მდე მედიაორგანიზაციამ, საქართველოში მოქმედმა ტელე, რადიო, ონლაინ და ბეჭდურმა გამოცემებმა, გაავრცელა ერთობლივი მიმართვა და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, მხარი არ დაეჭირათ
,,მაუწყებლობის შესახებ კანონში” დაგეგმილი ცვლილებებისთვის.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მედია კვლავ ერთსულოვანია და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ცვლილებების თაობაზე მედიაში უპრეცენდენტო კონსესუსი არსებობს.
საჭიროდ ვთვლით გამოვეხმაოუროთ 16 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი ხორციელდება. ჩვენთვის მიუღებელია კანონის მოწინააღმდეგე მედიისა და სამოქლაქო სექტორის წარმომადგენლები ,,პოლიტიკურ აქტივად” მოიხსენიებოდეს, მიუღებელია მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე სიტყვა ეზღუდებოდეს მედიის წარმომადგენელს.
კანონპროექტის განხილვის პროცესში მედიამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც არაერთგზის წარუდგინა პარალმენტს დასაბუთებული არგუმენტები. ჩვენ, მედიის მდომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად უკვე ყველაფერი გავაკეთეთ. იმედი გვაქვს პარლამენტის თითოეული წევრი გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და მხარს არ დაუჭერს მაუწყებლობის შესახებ კანონის სადავო რედაქციის ამოქმედებას.
ჩვენ, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, ყურადღებით დავაკვირდებით როგორც კენჭისყრის პროცესს, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მედიაბაზარზე მიმდინარე მოვლენებს.” – წერია განცხადებაში.