აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტი 85-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს.
სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით საჯარო ლექცია ჩატარდა და ფილმის ჩვენება გაიმართა.
“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სათავეებთან”-ლექცია ისტორიკოსმა და პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა წაიკითხა.
“ვისაუბრეთ ჩვენი უნივერსიტეტის შენობის შესახებ, როგორ აიგო და რა პრობლემები შეიქმნა მშენებლობის დროს. ასევე, რა ორგანიზაციები იყო განთავსებული და რა ისტორია აქვს ამ შენობას,”-განაცხადა კუპრაშვილმა.
რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმს, “აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის” რეჟისორი გოდერძი შარაშიაა.
“დღევანდელი დღე და საჯარო ლექცია ეძღვნება თარიღს, როდესაც პროფესორმა გიორგი ახვლედიანმა პირველი საჯარო ლექცია ჩაატარა ჩვენს უნივერსიტეტში. ფილმიც ამ თემატიკით იწყება თუ როგორ შეიქმნა ქუთაისის ბაზაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვფიქრობთ, რომ ფილმს აქვს ვიდეო დოკუმენტის ხასიათი, რომელშიც საიმიჯო ელემენტებიცაა,”-განაცხადა პროექტს “მეტი ცნობადობა მეტი სტუდენტის” ხელმძღვანელმა ირაკლი ჯიშკარიანმა.
საიუბილეო თარიღის აღნიშვნა 23 ნოემბერს გალა კონცერტითა და საიუბილეო ალბომის “აწსუ-85”-ის პრეზენტაციით დასრულდება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია 85 წლის წინ დაიწყო. 1933 წლის 13 თებერვალს პირველი საჯარო ლექცია პროფესორმა გიორგი ახვლედიანმა წაიკითხა.