შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული პირი თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებული წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, გადაჭრილი თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა აღნიშნულ ფილიალში მყოფ მოქალაქეს, შემდეგ სალაროდან 1800 ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.
აღნიშნული შემთხვევა ქუთაისში 22 იანვარს მოხდა.