აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პროექტ
“ტელესპექტაკლების” დახურვის შესახებ თეატრალებთან განმარტებას დღეს გააკეთებს. აღნიშნულის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე ესაუბრა.
როგორც აბაშიძე აცხადებს, ბათუმში ტელევიზიის დირექტორთან შეხვედრამ უშედეგოდ, კონკრეტული მიზეზების დასახელების გარეშე ჩაიარა. მისივე თქმით, გადაცემის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნული იყო.
“რომ გითხრათ, რაიმე გავიგეთ თუ რატომ დახურა დირექტორმა გადაცემა ტყუილია, მან ვერ ახსნა თუ რა კრიტერიუმებით დაიხურა “ტელესპექტაკლები”. ხელმძღვანელს არ უნდოდა კონკრეტული პასუხის გაცემა. ის ლაპარაკობდა ყველაფერზე და არაფერზე. აჭარის ტელევიზიის დირექტორი არ იყო კონკრეტული პასუხისათვის მზად, მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირით ადრე დაიგეგმა შეხვედრა. შევთანხმდით, რომ 13 იანვარს, საღამოს იქნება კონკრეტული პასუხი ცნობილი იმის შესახებ, დაბრუნდება თუ არა საეთერო ბადეში “ტელესპექტაკლები,”-განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძე განმარტავს, რომ თუ აჭარის ტელევიზია გადაცემას არ აღადგენს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს თეატრალური სპექტრი ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში შეიკრიბა. თეატრალებმა აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება პროექტ “ტელესპექტაკლების” დახურვის შესახებ გააპროტესტეს.