რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისის მერიაში
რამდენიმე ვაკანტური თანამდებობა შეიქმნა. როგორც მერიაში განმარტავენ, ვაკანტური ადგილების დაკავებას მსურველები მხოლოდ კონკურსის გავლის შედეგად შეძლებენ. ცნობილია,რომ კონკურსის შედეგად ახალი უფროსები მერიის ადმინისტრაციულ, ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების, ეკონომიკური განვითარების, ქონებისა და ტრანსპორტის, საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების და საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურებს ეყოლება.
“ამ ეტაპზე არის 12 ვაკანსიამდე. რომელზეც კონკურსია გამოცხადებული და 9-10 იანვრიდან აიღებს სტარტს. კიდევ არის მოსალოდნელი რამდენიმე ადგილი გახდეს ვაკანტური და იმაზეც გამოცხადდება კონკურსი. სამსახურის უფროსები ადე მერის უფლებამოსილებით ინიშნებოდნენ და ახლა აქაც კონკურსია საჭირო. ამ ეტაპზე სულ 13 თანამდებობის პირია მერიაში, რაც თვითმმართველობის კოდექსითაა განსაზღვრული”, – განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი კუჭუხიძემ.
სულ რეორგანიზაციის შედეგად ამ დროისათვის ქუთაისის მერია 32-მა თანამშრომელმა დატოვა. როგორც გენადი კუჭუხიძემ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, 278 საშტატო ერთეულია დარჩენილი და მერს კანონმდებლობით კიდევ 28 ადამიანის მიღების უფლება ხელშეკრულების საფუძველზე აქვს.