ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2017 წლის საქმიანობა შეაჯამეს.
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმდინარე თვის მნიშვნელოვანი მოვლენების, 2017 წელს განხორციელებული პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, წლის მნიშვნელოვან მოვლენათა სიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა და გენდერული საკითხები მოხვდა.
“წარმოდგენილი ორგანიზაციები განსხვავებული პროფილით მუშაობენ, თუმცა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს. ასევე, ახლადარჩეულ თვითმმართველობაში გვქონდა რამდენიმე შეხვედრა,”-განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” რეგიონალურმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი ნოდარ ჯიქია განმარტავს, რომ ამ პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესია.
“სხვა აქტივობებთან ერთად, პოლიციელთა გადამზადებისათვის საინფორმაციო შეხვედრებიც ჩავატარეთ. ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით მოვამზადეთ კითხვარი, რომლის შევსებაც დაევალებათ საპატრულო პოლიციასა და ქვეით პატრულს.გარდა ამისა, საკვირაო სკოლის ახალი ნაკადი მივიღეთ. უახლოეს მომავალში კი სტაჟიორთა კონკურსს გამოვაცხადებთ,,”-განაცხადა ჯიქიამ.
17 წელია, რაც ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ საქმიანობას ყოველთვიურად აჯამებენ.