ქუთაისის მერია კომპანია “m 2 უძრავი ქონება”-სთან ერთად აუტისტური სპექტრის მქონე 40 ბავშვის თერაპიულ ხარჯებს 1 წლის განმავლობაში სრულად დააფინანსებს.
ქუთაისის მერი მოადგილე ნინო თვალთვაძესთან, პარლამენტარ რატი იონათამიშვილსა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა და მათთან საკითხთან დაკავშირებული დეტალი განიხილა.
მერია ბენეფიციარების თერაპიული კურსის ხარჯებს 2018 წელს ზრდის და 125 00 ლარით აფინანსებს. კომპანია “m 2 უძრავი ქონება”-100 000 ლარით, რაც გულისხმობს რომ სრულად დაიფარება აუტისტური სპექტრის მქონე 40 ბენეფიციარის თერაპიული მომსახურების ერთი წლის საფასური.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი თანაბარ პირობებში იყოს. ქალაქის მერიას ამ დრომდე არ ჰქონდა შესაძლებლობა 40-ივე ბენეფიციარის თერაპიული მკურნალობა დაეფინანსებინა. შარშანდელთან შედარებით ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი და 50 000 ლარიდან 125 000 ლარზე ავწიეთ. ასევე, 100 000 ლარით გვეხმარება კომპანია “m 2 უძრავი ქონება” რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის და ბავშვების მშობლებისთვის. ეს არის ძალიან კარგი ფაქტი რომ სრულად ვფარავთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიულ მომსახურებას ერთი წლის განმავლობაში,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.