ქუთაისის კულტურულ და სპორტულ ა(ა)იპებში დაწესებული სწავლის გადასადახდი გაუქმდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატებმა პირველ რიგგარეშე სდომაზე მიიღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია განმარტავს, რომ კულტურულ და სპორტულ ა(ა)იპებში სწავლის თანხის გაუქმება ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც უკვე შესრულდა.
“ვფიქრობთ, რომ ხარჯები სხვა კუთხით დავზოგოთ, ბავშვებისთვის კი სწავლა ხელმისაწვდომი იყოს,”-განაცხადა ლატარიამ.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, თუმცა დეპუტატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მასწავლებელთა ხელფასების შემცირება არ უნდა გამოიწვიოს.
“ნებისმიერი გადაწყვეტილება მოქალაქეების სასწრგებლოდ უნდა იყოს მიმართული. მე დავსვი მარტივი შეკითხვა, შემცირდება თუ არა პედაგოგთა ხელფასი, თუმცა პასუხი ორაზროვანი იყო. თურმე, ეს ყველაფერი 2018 წლის ბიუჯეტში გამოჩნდება,”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ბესიკ ბრეგაძემ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელფასი არც ერთ პედაგოგს არ შეუმცირდება. მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ დაწესებულებებში სწავლა ფასიანი გახდა მოსწავლეთა რაოდენობამ იკლო, თუმცა ხელფასები არ შემცირებულა.
სპორტულ და კულტურულ გაერთიანებებში სწავლა ფასიანი 2017 წლის 29 მარტიდან გახდა.