საზოგადოება “ქუთაისელმა” ახალგაზრდა პოეტებს უმასპინძლა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეკრებილ აუდიტორიას საკუთარი ლექსები წარუდგინეს.
მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, თეიმურაზ ლანჩავას თქმით, ის პოეტები შეიკრიბნენ, რომელთაც განსხვავებული ხელწერა და სათქმელი აქვთ.
“ნიჭიერი ახალგაზრდობაა. მათ ხელის შეწყობა სჭირდება.ზოგჯერ მორიდებული, ზოგჯერ თავხედი ახალგაზრდები მოდიან, თუმცა თუ ნიჭი აქვთ ყველაფერი ეპატიებათ,”-განაცხადა ლანჩავამ.
საზოგადოება “ქუთაისელის” წევრისა და პოეტის, ლევან გოგაბერიშვილის განმარტებით, აუდიტორიის წინაშე ორი სრულიად განსხვავებული ჟანრში მოღვაწე პოეტი წარსდგა.
“ახალგაზრდა პოეტები ბექა ფოცხვერია და გიორგი შონია უნივერსიტეტში სწავლობენ, სწორედ ისინი გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე. ერთი ტრადიციულ ჟანრში წერს, ხოლო მეორე ვერლიბრს ანიჭებს უპირატესობას,”-განაცხადა გოგაბერიშვილმა.
თეიმურაზ ლანჩავას თქმით, საზოგადოება “ქუთაისელი” ახალგაზრდა პოეტებს ნამუშევრების გამოქვეყნებაში დაეხმარება, ამასთანავე მოეწყობა პოეზიის საღამოები.