სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში
1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა “აფხაზურმა გვარდიამ”, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს კადეტებმაც. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.