ქუთაისის მერიაში, მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერი
“ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” მიერ თანაორგანიზებული “მდგრადი ენერგეტიკის დღის” ღონისძიება გაიმართა.
დღევანდელი შეხვედრა “ენერგოაუდიტორების ტრეინინგი , სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას” ემსახურება.
პროექტის მიზანია საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ 6 ქალაქში მდებარე საზოგადოებრივ შენობებში ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ამ მიზნით ქუთაისში შეირჩა 12 საზოგადოებრივი შენობა 5 საბავშვო ბაღი, 5 საჯარო სკოლა, 2 საზოგადოებრივი შენობა, სადაც კამპანიის განხორციელების პერიოდში შენობების მოსარგებლეები ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალას. საზოგადოებრივ შენობებში გაიმართება საინფორმაციო სემინარები ენერგომენეჯმენტის საკითხების შესახებ შენობების მენეჯერებისა და ენერგომენეჯმენტზე პასუხისმგებელი პერსონალისთვის.
საინფორმაციო კამპანიის პარალელურად დაგეგმილია ენერგოაუდიტორების მომზადება-სერტიფიცირების კურსების ჩატარება. გადამზადების თეორიული კურსების შემდეგ დაგეგმილია ენერგო აუდიტების ჩატარება საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების იდენტიფიცირებისა და მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგების გასაანგარიშებლად საჭირო პრაქტიკული ცოდნის მიღების მიზნით.
პროექტი დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (DANIDA) მიერ, ადმინისტრირებას უწევს ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია, ხოლო პროექტს ახორციელებენ ავსტრიული კომპანია ალლპანი (ALLPLAN) და “ენეგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”.