ქუთაისში, ნიკეასა და თაბუკაშვილის ქუჩებს შორის
ტერიტორია თვითნებურ სანაგვედ იქცა. საკრებულოს დეპუტატმა ირმა პეტრიაშვილმა. საკრებულოს რიგით 33-ე სხდომაზე მოსახლეობის პრობლემა გაახმოვანა, როგორც მან აღნიშნა, ნიკეასა და თაბუკაშვილის ქუჩებს შორის ტერიტორიაზე ახალი, თვითნებური ნაგავსაყრელია მოწყობილი და ქალაქის ხელისუფლებას პრობლემაზე ყურადღების გამახვილება სთხოვა.
“იქ იყრება ნაგავი. როგორც სამშენებლო ნარჩენები, ასევე ის სამშენებლო მასალები, რომლებიც გზის გაკეთებისას და წყლის გაყვანისას რჩებათ ხოლმე. დიდი მანქანები ყოველდღე მიდიან და ნარჩენებს ყრიან. წვიმიან ამინდში შეუძლებელია პოლიკლინიკასთან მისვლა იმიტომ, რომ მანქანებს ტალახი გამოაქვთ და ქუჩაში იყრება. ეს ტერიტორია წყლიანია, სარდაფებში ჩადის წყალი და წვიმიან ამინდებში გასვლა შეუძლებელია”, – განაცხადა ირმა პეტრიაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრობლემური ნამდვილად არის და მას ყურადღება უნდა მიექცეს.