დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით
უზრუნველყოფისათვის 2008-2016 წლებში დაახლოებით 670 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც უდიდესი ნაწილი – 470 მლნ. ლარი საერთაშორისო დაფინანსება იყო,- ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად ამ დროისათვის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას კიდევ 37 ათასი დევნილი ელოდება. “საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და დევნილთა რაოდენობის გათვალისწინებით, ქვეყანა დადგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დევნილთა პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. საქართველოს ხელისუფლებისაგან განსაკუთრებულ ძალისხმევას დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვს. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე მუდმივად არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოსგან დახმარებას ელის დაახლოებით 37,000 ოჯახი, რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიახლოებითი გათვლებით საჭიროა 1,5 მილიარდი ლარი. თუმცა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის შენარჩუნების შემთხვევაში, სახელმწიფოს დასჭირდება დაახლოებით 20 წელი ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის.”, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის თანახმად, სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით იმავე რაოდენობის ოჯახს, რომელსაც დღემდე არ მიუღია სახელმწიფოსგან მსგავსი დახმარება, შევსებული აქვს განაცხადი შესაბამისი დახმარების მიღების მოთხოვნით. კერძოდ, საცხოვრებელი ფართის მიღებაზე სამინისტროში წარდგენილია 28,901 განაცხადი, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე – 7,999 განაცხადი, ხოლო იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე – 531 განაცხადი.