“საზოგადოებაში კვლავ არსებობს იმის განცდა,
რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს”,-ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში. “უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა და საზოგადოებაში კვლავ არსებობს იმის განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული უკანონო მიყურადების საქმეების გამოძიებაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გაგრძელებამ გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური რეფორმა.
2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო რეფორმა, რომლის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), რომელსაც დაეკისრა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის ფუნქციების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, სუს-ის უფლებამოსილება უნდა შემოფარგლულიყო დაზვერვითი და ანალიტიკური საქმიანობით, მას მაინც მიენიჭა საგამოძიებო და საპოლიციო უფლებამოსილებები. რეფორმამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა შსს-სა და სუს-ს შორის ფუნქციების პოტენციური დუბლირების, აგრეთვე ახლადშექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე სამოქალაქო თუ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შეზღუდული რესურსის გამო”, – წერია კვლევაში.