“კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციები

ეხმიანებიან 14 ოქტომბერს, თბილისში ტრანსგენდერი ქალი სასტიკად ცემის ფაქტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

“აღნიშნული სასტიკი ძალადობა არ არის საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანზე განხორციელებული პირველი თავდასხმა. წლების განმავლობაში, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ექვემდებარებიან განგრძობით ძალადობასა და დისკრიმინაციულ მოპყრობას საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან. აღნიშნულის დასტურია 2014 წელს ტრანსგენდერი ქალის – საბი ბერიანის მკვლელობის საქმე, რომელშიც ეროვნულმა სასამართლომ ბრალდებული პირი უდანაშაულოდ ცნო, საქართველოს პროკურატურის მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის გამო. ლგბტ თემის წევრთაგან ტრანსგენდერი ადამიანები როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ.ტრანსგენდერ ადამიანთა არსებითად მძიმე უფლებრივ მდგომარეობასა და გავრცელებულ ძალადობრივ პრაქტიკებზე საქართველოს სახალხო დამცველმა მის საპარლამენტო ანგარიშებში არაერთხელ გაუსვა ხაზი და სახელმწიფოს მოუწოდა ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ ლგბტ თემის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და შევიწროების სრულყოფილი გამოძიების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, დანაშაულებზე სახელმწიფოს აშაკარად არაეფექტურმა პოლიტიკამ, მათ შორის, გახმაურებულ საქმეებზე (2012 და 2013 წლის 17 მაისის საქმეებზე თემის წევრებისა და აქტივისტების ძალადობრივი დარბევის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეები) მართლმსაჯულების სისტემის არსებითმა ხარვეზებმა და ამ კუთხით ადამიანის უფლებებზე და თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების ნების არ არსებობამ, საზოგადოებაში დაუსჯელობის გარემო შექმნა და ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფად აქცია. “კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას: დროულად მოახდინონ ტრანსგენდერი ქალის მიმართ გამოვლენილი სასტიკი ძალადობის საქმის ირგვლივ ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლა, მათ შორის, სავარაუდო სიძულვილის მოტივის შეფასება, დროულად მოახდინონ დამნაშავე პირ(ებ)ის იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ დევნის დაწყება, საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოებმა მოახდინონ საზოგადოების პერიოდული ინფორმირება გამოძიების პროგრესის თაობაზე, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ დაგმონ აღნიშნული ფაქტი და მყარი პოზიცია დაიკავონ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ”, -ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას უერთდება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, იდენტობა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, კავშირი საფარი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *