“სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდის მეოთხე შუალედური ანგარიში წარადგინა.
“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლები 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.”საარჩევნო კამპანიის გააქტიურების კვალდაკვალ გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს. ორგანიზაციის დაკვირვებით საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ზეწოლა მუქარის 11; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12; კამპანიისთვის ხელის შეშლის 8; ფიზიკური დაპირისპირების 6; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; პარტიული ოფისის დაზიანების 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 37; სიძულვილის ენის გამოყენების 4; არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 8 ფაქტი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო შემთხვევები დაფიქსირდა. ძალისა და ცივი იარაღის გამოყენების შემთხვევების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ასევე მმართველი პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა, რის შედეგადაც რამოდენიმე მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. კენჭისყრის დღის თარიღის მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. ზეწოლა და მუქარა ძირითადად ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიმართ ფიქსირდება და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება.”, – ნათქვამია სამართლიანი არჩევნების მეოთხე შალედურ ანგარიშში.