სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის ტყიბულის უბნის უფროსი დავით მოსიაშვილი დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით მოსიაშვილი მოქალაქეს დაჰპირდა დახმარებას ერთი ხე-ტყის დამზადების ბილეთით ტყეკაფიდან ორი მანქანა შეშის გატანაში, ასევე დაჰპირდა ყოველგვარი პრობლემების არიდებას და სრულ თავისუფლებას სეზონზე ტყეკაფში მუშაობისას. აღნიშნულის სანაცვლოდ დავით მოსიაშვილმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე)”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.