თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ დეპუტატ ლექტორს, ნიკოლოზ სამხარაძეს და უარს ამბობენ დაესწრონ მის სალექციო კურსს “ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა”.
სტუდენტების განცხადება:
“სტუდენტების ბოიკოტი რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ლექტორს!
დღეს, ჩვენს პარლამენტში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილებოდა კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
ამ შეხვედრას თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნიკოლოზ სამხარაძე. კანონპროექტის თაობაზე მისი მხარდამჭერი პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია, დავესწროთ მის სალექციო კურსს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები, უარს ვამბობთ ბატონი ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე და ვუერთდებით ამავე მიმართულების კურსდამთავრებულების კრიტიკულ პოზიციას.
ამ განცხადებითვე გვსურს დავაანონსოთ სტუდენტური მოძრაობის შექმნა, რომლის მიზანიც იქნება ხელი შეუშალოს რუსული კანონის მიღებას. მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, შემოგვიერთდნენ დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში და არ მისცენ მთავრობას საშუალება მოგვაქციოს რუსულ ორბიტაზე.
ჩვენი მოძრაობის სამომავლო გეგმები დაანონსდება ჩვენს გვერდზე!” – წერია განცხადებაში.