გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, რომელმაც 30 იანვარს გელათზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, კულტურის სამინისტროს 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ დასკვნა, რომლის მიხედვითაც გელათში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აკრიტიკებენ,  პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია. სამინისტროს განცხადებით, ამ დოკუმენტზე მეცნიერები სუბორდინაციის დარღვევით მუშაობდნენ.

ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი კი სამინისტროს მხრიდან ბრალდებებს  სამეცნიერო თემის  პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის მცდელობად აფასებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე სამინისტრო, მეტიც, სამინისტროს მის გამოქვეყნებამდე გაეგზავნა დასკვნა, თავად დოკუმენტი კი უწყებამ ყველა წესის დაცვით, საბჭოს სხდომაზე დაამტკიცა.

 

“სამწუხაროდ, სამინისტროს წერილში ცხადად იკვეთება გელათის პრობლემის პოლიტიზაციის სურვილი. გამუდმებით მეორდება ბრალდება, თითქოს ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. მოურიდებლად არის ნახმარი შეურაცხმყოფელი გამოთქმები: პოლიტიკოსად ქცეული „მეცნიერი“(ბრჭყალებში!), პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკოსი და სხვა. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობენ. გელათის მდგომარეობის შეფასება ეფუძნება ფაქტების კვალიფიციურ ობიექტურ ანალიზს და არა „პარტიულ ინტერესებს“ – წერია განცხადებაში.

ჩუბინაშვილის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ შეცდომებზე, რომელსაც სამინისტროს განცხადება შეიცავდა.

“მაგალითად, ნათქვამია, რომ „2021 წლის მარტამდე, არავის ახსოვს, მოცემულ მეცნიერთა აღშფოთება გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“. ეს სწორი არ არის – უკვე 2020 წლის ზაფხულში ჩუბინაშვილის ცენტრმა ოფიციალურ წერილში გამოთქვა შეშფოთება გელათში შექმნილი ვითარების გამო და კონკრეტული წინადადებებით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შესაძლოა, ეს ფაქტი სამინისტროს ახლანდელ ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა, მაგრამ ის აღნიშნულია ცენტრის ანგარიშშიც (გვ. 10) და შეცდომა წესით არ უნდა გაპარულიყო. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობდნენ სააგენტოს შესაბამის კომისიებში და მკაფიოდ გამოხატავდნენ პოზიციას, რაც გახდა კიდეც გელათის იმხანად ახლადშექმნილ კომისიაში მინისტრის მიერ მათი მოწვევის საფუძველი”- წერია განცხადებაში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *