პოლიტიკა
"თუ ხვალ "ოცნებას" კიდევ ექნება კონტრაქცია, ეს მათს უსუსურობას გაუსვამს ხაზს"
ხვალ, ქუთაისში დაგეგმილ აქცია-მსვლელობაზე ოპოზიციას კონტრაქციის მოლოდინი აქვს. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ქმედებები ყოველთვის არაადეკვატურია. მათი თქმით, თუ "ქართული ოცნება" ხვალ ოპოზიციის მსვლელობას აქციით დაუპირისპირდება, ეს ხელისუფლების უსუსურობას გაუსვამს ხაზს.

"არსებობს ინფორმაცია, რომ კონტრაქციის მცდელობები არის, გითხრათ სიმართლე, ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც მშვიდობიანი ფორმით ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟს ისახავს მიზნად. "ქართული ოცნება" წინასწარ რას მოიფიქრებს, ამის განსაზღვრა რთულია,"-განაცხადა გია თევდორაძემ.

"ხვალ მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქცია იგეგმება. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის არაადეკვატური ქმედებებია. თუ ხვალ "ოცნებას" კიდევ ექნება კონტრაქცია, ეს მათს უსუსურობას გაუსვამს ხაზს,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ჩვენი მხრიდან ნებისმიერ შემთხვევაში მსვლელობა იქნება მშვიდობიანი, რას დაუპირიპირებს ამას "ქართული ოცნება" ეს მათი გადასაწყვეტია,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ.

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ოპოზიცია ქუთაისში მსვლელობას გამართავს. აქცია-მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყება და აღმაშენებლის მოედანზე დასრულდება.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს, "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისში " ოცნების" მხარდამჭერებმა შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" ლიდერი აკაკი ბობოხიძე.


| Print |