“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ირაკლი კიკვაძე
მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. კიკვაძე ამბობს, რომ ადგილზე ფილების უმეტესობა აყრილია, წვიმის დროს კი გადაადგილებისას ნაპრალებიდან წყალი ასხამს. “ლეიბორისტული პარტიის” წევრის თქმით, მოქალაქეებისათვის ტერიტორიაზე გადაადგილება საფრთხისშემცველია და ხელისუფლებამ მის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.
“ეს ადგილი ყველაზე მოთხოვნადი და დატვირთულია. წლების განმავლობაში, ის ყველაზე საყვარელ ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბდა. მეორე წელია, საფარი მწყობრიდან უფრო და უფრო გამოდის. ფენები დაზიანებულია და მდგრადობა დაკარგული აქვს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა წვიმის დროს, როცა გავივლით და ნაპრალებიდან წყალი ასხამს. გადაადგილება საფრთხისშემცველია. მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა მიმდინარეობს და მოვითხოვ, მასში ამ საფარის სრული რეაბილიტაცია შევიდეს,”-ამბობს ირაკლი კიკვაძე.
კიკვაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობას აღნიშნული ტერიტორიის მოწყობა ბიუჯეტში არსებული ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამით შეეძლო. მისი განმარტებით, მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციით, 2019 წელს ამ პროგრამაში არსებული 400 000 ლარიდან მხოლოდ 3700 ლარი დაიხარჯა. კიკვაძისთვის უცნობია, რატომ ვერ მოხერხდა თანხის სრულად ათვისება.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”