პოლიტიკა
"ამ ეტაპზე განხილვის დონეზეა"-განხორციელდება თუ არა 30 მილიონიანი პროექტი
"პროექტი განხილვის ეტაპზეა"-აღნიშნული ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ბექა ყურაშვილმა რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის შესახებ განაცხადა. როგორც ყურაშვილმა განმარტა, ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი ლარია.

"მოლაპარაკება მიმდინარეობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან. როგორც ვიცით, დაახლოებით 30 მილიონზეა საუბარი. საკმაოდ მასშტაბური პროექტია. ამ ეტაპზე განხილვის დონეზეა. მოითხოვეს საბუთები და გადავაგზავნეთ. თუ შეაფასებენ დადებითად, პროექტს აუცილებლად დაგვიფინანსებენ. ველოდებით პასუხებს,"-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ზაზა ჩხიკვაძის თქმით, მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს გარკვეული ტიპის ინფორმაცია უკვე გაუგზავნა. ჩხიკვაძის განმარტებით, ფონდმა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციები და სხვა ტიპის მასალები მოითხოვა.

"ვიმუშავეთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან. მოითხოვეს კონკრეტული ინფორმაციები, რასაც ჰქვია რიონის წყლის აქტივობა, წყლის ნიშნული. მოითხოვეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები თავისი განვითარების პირობების გათვალისწინებით, რაც ნიშნავს იმას, რომ აღიწერა ვის ჰქონდა საკუთრება და მიაშენა თუ არა მან დამატებით ფართი. ეს მასალები გადაგზავნილია,"-განაცახდა ჩხიკვაძემ.

რაც შეეხება გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციას, მერიაში განაცხადეს, რომ პროექტი რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის გაგრძელებაა და მისი განხორციელება აღნიშნულთან ერთად მოხდება.


| Print |