პოლიტიკა
"ქუთაისს შევთავაზებთ გლობალურ პროექტებს"-ქუთაისის ვიცე-მერები
ქუთაისის ერთ-ერთი ვიცე-მერის პოზიციას იუზა უგულავა დაიკავებს.
უგულავა ბოლო პერიოდში ხონის გამგებლის მოადგილე იყო.

ახალი ვიცე-მერი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ინფრასტრუქტურისა და ფინანსების განყოფილებას უხელმძღვანელებს.

"დიდი ხნის გამოცდილება მაქვს. ამ სფეროს ვკურირებდი როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში, ისე ხონში. ქუთაისს შევთავაზებთ გლობალურ პროექტებს. იქნება ძველი პროექტების დასრულების ეტაპიც, ასევე ახალი უფრო თვალსაჩინო პროექტები. დასამთავრებელია წყალმომარაგების პროექტი და დაიწყება კანალიზაციის მოწესრიგება,"-განაცხადა უგულავამ.

ვიცე-მერის პოზიციაზე იმუშავებს გიორგი იობაშვილიც, რომელიც ვაკის უბნის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა.

"აქტიურად გავაგრძელებ იმ საქმიანობას, რაც ქალაქსა და ჩვენს ქალაქელებს სასიკეთოდ წაადგება,"- აცხადებს გიორგი იობაშვილი.

იობაშვილი პროფესიით იურისტია, ასევე არის "ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს"  ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.

ქუთაისის მერს სამი ვიცე-მერი ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი ნინო თვალთვაძეა.

გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერები დღეს წარადგინა და როგორც თავად განმარტა, ისინი პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია.


| Print |