საქართველოს მთავრობის ადმინისტაციის ინფორმაციით, საქართველომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარი გამოყო.
თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.
9 თებერვლის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვალების 17 134 შემთხვევაა დადასტურებული. დაშავებულთა რიცხვი 75 ათასს აღემატება.
სირიაში 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის რაოდენობა, გაეროს შეფასებით, ხუთ ათასს აჭარბებს.
6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას საქართველოს 3 მოქალაქე ემსხვერპლა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება საქართველოს 2 მოქალაქე.