18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისში არსებული მუზეუმები დამთვალიერებლებს ღამის 1 საათამდე უმასპინძლებენ.
დამთვალიერებლებს მიიღებს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალური მუზეუმი). 20:00 დან 01:00 საათამდე მოეწყობა გამოფენა “სამხედრო მედიცინა და დიმიტრი ნაზარიშვილი – ტრადიცია გრძელდება”.
20:00 დან 02:00 საათამდე უმასპინძლებს ვიზიტორებს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, სადაც ქუთაისის სამიათასწლოვანი ისტორია გამოფენით, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენებით გაცოცხლდება.
თარიღის აღნიშვნას შეუერთდება დავით მხეიძის სახელობის ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი. 18:00 – 01:00 საათამდე ფოტოგამოფენა -“ქუთაისის მუზეუმები” მოეწყობა.
ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმი 19:00-01:00 საათამდე გამოფენას – “ქართველი ოლიმპიელები” წარადგენს.
ზ. ფალიაშვილის სახელობის მემორიალური სახლ-მუზეუმში კი 20:00 საათზე პროექტის “ზაქარია ფალიაშვილის სახლი – მუსიკოსების ადგილი” პრეზენტაცია გაიმართება. ასევე, მოეწყობა ოპერის – “აბესალომ და ეთერი” 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კოსტიუმირებული სანახაობა.
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა 19:00 – 01:00 საათამდე გამოფენა-წარმოდგენას “მე და ღამე” გალერეაში დაცული საგანძურის სლაიდშოუს მეშვეობით შემოგთავაზებთ.
“ღამე მუზეუმში” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ეწყობა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე