აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის
ბიუროს ხელმღვანელი მუჰამედ კეტატა ესტუმრა. უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის აღნიშნულ სააგენტოში გაწევრიანებასა და თანამშრომლობას გულისხმობს.
“შეთანხმება, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გაცვლით პროგრამებს უზრუნველყოფს. დაიგეგმება ტრენინგები, მივლინებები და სხვა. ეს ნამდვილად დიდი შანსია,”- განაცხადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ეკატერინე გაჩეჩილაძემ.
გარდა ამისა, საერთაშორისო ექსპერტთა კარტოგრაფიაში უნივერსიტეტის ყველა ფრანგულენოვანი მასწავლებელი შევიდა.
“კარტოგრაფია გულისხმობს იმას, რომ თუ საერთაშორისო ბაზარზე რომელიმე უნივერსიტეტს ამა თუ იმ დარგის ექსპერტი დასჭირდება, მას შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი საქართველოდან, მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტიდან,”- განაცხადა კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მირანდა ლომიძემ.
საუნივერსიტეტო გაერთიანებაში 113 ქვეყნის 909 უნივერსიტეტია შესული.
სააგენტო წერეთლის უნივერსიტეტს საკუთარი სახსრებით ფრანკოფონიის ცენტრის გახსნასაც სთავაზობს.