აწსუ-ს ახალმა საბიბლიოთეკო კორპუსმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.

ახალ კორპუსში ბიბლიოთეკა, სტუდენტური სერვისები, ფაბლაბია განთავსებული. სივრცე სხვადასხვა ტიპის სამკითხველო, ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაო ოთახებად, საკონფერენციო დარბაზებადაა დაყოფილი.

“გვაქვს კლასიკური ტიპის დარბაზები და ოთახები ჯგუფური სამუშაოებისათვის, რომლისთვისაც ადგილის დაჯავშნა ელექტრონულად ხდება. ასევე განთავსებულია ინდივიდუალური სამუშაო სივრცეებიც, ეს ორი კომპონენტი ძველ ბიბლიოთეკებში არ იყო,”-განაცხადა აწსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი ჭიჭინაძემ.


ადგილზე განთავსებულია უნივერსიტეტში შექმნილი ინოვაციური ტექნიკაც. სტუდენტებს განცხადების დაწერა ელექტრონულად შეეძლებათ. ასევე, კორპუსის ფოიეში დამონტაჟებულია ბიბლიოთეკის ელექტრონული გზამკვლევი.

ბიბლიოთეკის წიგნებით შევსება ეტაპობრივად ხორციელდება. ბეჭდური ლიტერატურის გარდა, ივსება ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომლითაც სარგებლობა მომხმარებელს უფასოდ შეეძლება. წიგნსაცავი ულტრათანამედროვე ცეცხლმაქრი სისტემითაა აღჭურვილი.

“საცავი არის ულტრათანამედროვე ცეცხლმაქრი სისტემით აღჭურვილი. თუ ადრე წყლითა და ქაფით ხდებოდა ცეცხლის ჩაქრობა, აქ გაზით ხდება, რაც ნაკლებ ზიანს აყენებს წიგნებს,”-განაცხადა აწსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.

კორპუსი ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, არის ლიფტები და პანდუსები.

სამკითხველო დარბაზს აქვთ ტერასები, სადაც სტუდენტებს მუშაობა შეეძლებათ.

გაზრდილია ბიბლიოთეკის სამუშაო გრაფიკი. დარბაზები მკითხველებს  09:00-დან 19:00 საათამდე, შაბათის ჩათვლით მომემსახურება.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო, რომლისთვისაც 2 085 265 ლარი დაიხარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *