2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში, სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით შესრულდება. კერძოდ, სიხშირეები გაიზრდება ათენის, რომის, ბარსელონასა და მილანის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში ერთდროულად Wizz Air-ის ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მივაღწიეთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ბოლოსთვის ერთდროულად Wizz Air-ის 4 ბაზირებული ხომალდი იქნება. რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას და შექმნის 40-მდე ახალ სამუშაო ადგილს. ასევე, კიდევ ერთი ბაზირებული ხომალდი იქნება იმის გარანტი, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება რეისებისა და სიხშირეების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე, საშუალებას იძლევა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *