11 თებერვლიდან ქუთაისში ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი იცვლება.

ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება და მისი ღირებულება, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის ( ავტობუსები და მიკროავტობუსები) 60 თეთრი გახდება. ინფორმაციას ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
,,სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი თავს არიდებს მგზავრობის საფასურის გადახდას.
მსგავსი შემთხვევების პრევენციისა და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში შექმნილია მგზავრთა მონიტორინგის განყოფილება, რომლის ფუნქციაა უბილეთო მგზავრების გამოვლენა და მათი, კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, დაჯარიმება.
კომპანიის კონტროლიორები, ყოველდღიურად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ახორციელებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.
 შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ვალდებულია, მუნიციპალურ ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება.
უბილეთოდ მგზავრობა იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად და ჯარიმის ოდენობა 20 ლარს შეადგენს, რომელიც უნდა დაიფაროს, საჯარიმო ოქმის ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმის თანხას ემატება საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
 მგზავრს უფლება აქვს, ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაასაჩივროს გადაწყვეტილება,”-ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და კომფორტულად მგზავრობის მიზნით, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გარდა, მოქმედებს “თიბისის“ ნებისმიერი საბანკო ბარათი.
 ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, 30 000-მდე მოქალაქე სარგებლობს სხვადასხვა სახის შეღავათით. ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია, ყოველდღიურად, რამდენიმე ათეული ავტობუსის საშუალებით ემსახურება 25.000 -ზე მეტ მგზავრს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *