ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე უბილეთო მგზარები დაჯარიმდებიან.
გადაწყვეტილება უბილეთო მგზავრების დაჯარიმების შესახებ ქუთაისის საკრებულომ დღეს გამოიტანა. ქუთაისის მერიის ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერიან სილაგაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალური ტრანსპორტის ელექტრონული გადახდის სისტემით აღჭურვა და როცა ეს პროცესი დასრულდება, ჯარიმების სისტემაც ამოქმედდება. ჯარიმის საფასური 20 ლარი იქნება.
,,ამ ეტაპზე საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას საბარათე სისტემის შესახებ, ვურიგებთ სამგზავრო ბარათებს, ასევე, მიმდინარეობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაბამისად მოწყობა. ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა როცა ყველაფერი მწყობრში იქნება, დადგენილებაც ამოქმედდება,’’-ამბობს ვალერიან სილაგაძე.
ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტმა მუშაობა 2021 წლის 8 თებერვლიდან დაიწყო. Მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური 40 თეთრს შეადგენს.