გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოში პროდუქტების მარაგი არსებობს, ამიტომ დეფიციტი არ შეიქმნება.
მინისტრის განმარტებით, მაღაზიებში ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტი შესყიდვების ზრდამ და მიწოდების ჯაჭვში გაჩენილმა შეფერხებებმა გამოიწვია.
„შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება აღმოსაფხვრელად. გარკვეულ მაღაზიებში შესაძლოა, იყოს რაღაც დროით შეფერხება, თუმცა ეს შეფერხება აღმოიფხვრება რამდენიმე დღეში და ივსება მარაგები. მარაგების პრობლემა რომ იყოს, მაღაზიები პროდუქტით ვერ შეივსებოდა და დეფიციტი გვექნებოდა,’’-აცხადებს ოთარ შამუგია.
მისი თქმით, მთავრობა თანამშრომლობს ბიზნესთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში მზად არის მხარი დაუჭიროს შესაბამისი ბაზრების და კონტაქტების დამყარებას, საიდანაც შესაძლებელია მომავალში კონკრეტული პროდუქციის შემოტანა გახდეს საჭირო.
,,ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შევსების მიზნით. ეს პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ არანაირი შეფერხება არ არის – ქვეყანაში შემოდის როგორც შაქარი, ასევე სხვა პროდუქტები. შაქარი არ შემოგვაქვს არც რუსეთიდან, არც უკრაინიდან, ასე რომ არანაირი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა. არც სხვა პროდუქტებთან, არც ხორბალთან დაკავშირებით ველოდებით რამე შეფერხებებს. ჯერჯერობით ქვეყანაში არსებობს როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მარაგები,’’-აცხადებს ოთარ შამუგია.
ის ასევე აცხადებს, საქართველოდან რუსეთში გარკვეული პროდუქცია გადის, თუმცა, არ აკონკრეტებს რა სახის პროდუქციაზეა საუბარი.
მინისტრის განცხადებით, იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც ქართული პროდუქცია იმპორტზე გადის, ყოველწლიურად მზარდია.
„ღვინის ექსპორტში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა – პირველი ორი თვის განმავლობაში 40%-ზე მეტი. ასევე არის სხვა პროდუქტებზეც. მთლიანობაში ექსპორტის მონაცემები სოფლის მეურნეობის პროდუქციის არის მზარდი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის თხილი და სხვა კულტურები. ეს ძალიან კარგია და რეალურად ასახავს იმას, რომ ჩვენი მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისთვის და ბაზრების დივერსიფიკაციის მხარდაჭერისთვის, ამ პოლიტიკას კონკრეტული შედეგები მოაქვს და ასახულია იმ საექსპორტო ზრდაში, რაც აგრარული პროდუქციის მიმართულებით გვაქვს ბოლო წლების გამავლობაში,’’-განაცხადა ოთარ შამუგიამ.