ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული 200 000-მდე შრომისუნარიანი სოციალურად
დაუცველის დასაქმების პროგრამა საკანონმდებლო დონეზე გაიწერება და დეტალების შესახებ 2022 წელს იქნება ცნობილი.
ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ პროგრამაში სრულად ჩართავენ შრომისუნარიან მოსახლეობას. მისი თქმით, სამთავრობო გუნდს ამ პროგრამაში სწრაფი შედეგების ჩვენება სჭირდება, ამიტომ მისი შესრულების მინიმუმი 2022 წელს 50 000 სოციალურად დაუცველის დასაქმება, ხოლო მაქსიმუმი – 200 000 მოქალაქის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვაა.
„მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა გვაქვს და ვიზიარებ პრემიერის ხედვას. ამ მიმართულებით გვჭირდება, რომ საზოგადოებას ძალიან სწრაფი შედეგები ვაჩვენოთ. ვფიქრობ, 2022 წელს მინიმუმ 50 000 ადამიანს დავასაქმებთ, თუმცა ამბიციური გეგმა მეტს გულისხმობს და იმედი მაქვს, შრომისუნარიანი მოსახლეობის სამუშაოში ჩართვას სრულად მოვახერხებთ. ყველაზე მცირე შემოსავალიც კი სოცდახმარებების კომპენსაციაა. ყველაზე მცირე გაუმჯობესებაც უკეთესია, მაგრამ ჩვენი გეგმა მოიაზრებს იმას, რომ ადამიანები როგორც კი დაიწყებენ შრომით პროცესში მონაწილებას გაუჩნდებათ კიდევ უფრო მეტი სურვილი და მონდომება ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ უფრო მეტი შემოსავალი კვალიფიციური სამუშაოს შესრულების შემთხვევაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.