საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ვაზილ ჰუდაკი ამბობს, რომ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია.

ჰუდაკმა ამის შესახებ Forbes Talks-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ჰუდაკის თქმით, ამის მიზეზი საქართველოში ამ ტიპის პროექტების მიმართ არსებული წინააღმდეგობებია, ალტერნატივად კი მზის და ქარის ენერგიების ფართომასშტაბიან ათვისებას ხედავს:

“ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია. ამას ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღმდეგობა ამ ტიპის პროექტების მიმართ. პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობაში და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში – განსაკუთრებით, მზისა და ქარის ენერგიების მიმართულებით. ამისთვის დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა. დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული დღეს, ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული”, – განაცხადა ჰუდაკმა [Forbes Talks-ის თარგმანი].

ღარიბაშვილის მრჩეველი ფიქრობს, რომ საქართველოში მზის და ქარის ენერგიების ათვისების შემთხვევაში გაიზრდება ბატარეებზე მოთხოვნა, რასაც საქართველოში ბატარეების ადგილობრივი წარმოება მოჰყვება. ეს კი სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე მთელ რეგიონს.

ჰუდაკი განმარტავს, რომ ინვესტორს, რომელიც საქართველოში მზის და ქარის ენერგიის ათვისებით დაინტერესდება, სისტემის აგების ვალდებულება უნდა ჰქონდეს, რომელიც ელექტროენერგიას შეინახავს იმ პერიოდისთვის, როდესაც ამ ენერგიებზე ნაკლები წვდომა იქნება. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის იქნება საჭირო შემნახველი ბატარეების სისტემის არსებობა, რაც შიდა მოთხოვნას გაზრდის.

მისი თქმით, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთანაც განიხილა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *