ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობას ინვესტორთან ენკას განცხადების შემდეგ, რა მოლოდინი აქვთ ახლა, თურნავამ უპასუხა, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ნამახვანჰესის საკითხთან დაკავშირებით, თემატურ დონეზე პრობლემების მოგვარებაზე მსჯელობენ.

“ნამახვანის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაყოვნება ქვეყნისთვის კარგი არ იქნება, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და უკვე აღდგენასაც გაცდა, ეს არის აბსოლუტური ზრდა. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ნიშნავს, გაზრდილი ელენერგიის მოხმარებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მომატებული მოხმარება ჩვენი საკუთარი წყაროებით იფარებოდეს და საკუთარ ელ.ენერგიას მოიხმარდნენ ბიზნესები, ადამიანები და არა იმპორტირებულს”, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანი არის, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შეძლოს კომპანია ENKA-სთან ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში.

“არბიტრაჟი არ არის სასურველი არც ჩვენთვის და იმედია, არც ENKA -სთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ხვდებიან ერთმანეთს პროფესიულ დონეზე, თუმცა არა ჩემს დონეზე, ხდება იურისტების, ენერეგიტოების დონეზე კომუნიკაცია.

რაც შეეხება ერთ თვეს და ხელშეკრულებიდან გასვლას, ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ასე და რა შემთხვევაში სხვანაირად. ცალმხრივად მოიწეროს და გავიდეს ინვესტორი, ასე არ ხდება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემები. არის კომუნიკაცია, გამოყოფილია სამუშაო ჯგუფები ჩვენი და მათი მხრიდან და მიმდინარეობს პერიოდული შეხვედრები”, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *