სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს – ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ENKA-ს მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ.
ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას – ხომ არ შეიტანა წვლილი ENKA-ს გადაწყვეტილებაში პრემიერის განცხადებამ, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო ხელშეკრულება, რომლითაც ქართული მიწა 100 წლით უნდა გასხვისებულიყო.
“ნებისმიერი ჩვენი საჯარო განცხადებები და მათ შორის პრემიერის განცხადებებიც, იყო მკაფიო. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული განვითარებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის “ნამახვანჰესის” პროექტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროექტების ერთგული ვრჩებით, თუმცა ნებისმიერი პროექტი, რომელიც აწყდება წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან და კითხვებს გარემოს დამცველების მხრიდან, შეიძლება იყოს მეტად სრულყოფილი, სწორედ ამისკენ იყო მიმართული ჩვენი მცდელობები”, – აცხადებს ნათია თურნავა.
bm.ge-ის ცნობით, მინისტრმა არ უპასუხა ჟურნალისტის რეპლიკას იმის თაობაზე, რომ მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის პროტესტის გამო, ინვესტორ კომპანიას 300-ზე მეტი დღის განმავლობაში თავისუფლად საქმიანობის საშუალება არ ეძლეოდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ “ნამახვანჰესის” მსგავსი პროექტები სხვა ქვეყნებშიც აწყდებიან პრობლემებს.