ავიაკომპანია “ვიზეარი” საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას
multicat=36 სავარაუდოდ 2021 წლის მარტში გეგმავს და ქუთაისიდან ახალი მიმართულებების დამატებას აანონსებს. ამის შესახებ კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ განაცხადა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული დროისთვის კოვიდ 19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული.
ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი, ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებში იმედს აჩენს, თუმცა, ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აქ სხვა პრობლემა იკვეთება, თუ რამდენად იქნებიან მზად აეროპორტები.
“მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მზაობა. ჯერ-ჯერობით არ არის ადაპტირებული აეროპორტები. არ არის ცნობილი როგორ მოხდება მგზავრთა ნაკადის ტესტირება, დიაგნოსტიკა, როგორ მოხდება განცალკევება ინფიცირებული და არაინფიცირებული ადამიანების. ამის მზაობას ვერ ვხედავთ და ჯერ-ჯერობით საკითხს ფრთხილი ოპტიმიზმით ვუდგებით,”-ამბობს ლაშა ბერეკაშვილი. მისივე განმარტებით, საქართველოსთვის შესაძლოა კარგი მაგალითი აღმოჩნდეს სტამბოლის აეროპორტი, სადაც შეიქმნა დიაგნოსტიკური ცენტრი კოვიდ 19-ისათვის და რამაც გაამართლა სწრაფი მუშაობის პრინციპის გამო.
ლაშა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მისამართით თავად ავიაკომპანია უფრო აქტიურია, ვიდრე ხელისუფლება, რაც ეჭვს აჩენს, რომ მათთვის “ვიზეარის” დაბრუნება პრიორიტეტული არ არის.
ბერეკაშვილი ამბობს, რომ ტურიზმის მუშაობა დასავლეთ საქართველოში ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. მისივე განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ამუშავება პანდემიის დროს შოკური მდგომარეობიდან გამოყვანის მნიშვნელოვანი საშუალებაა.
“ვიზეარმა” ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები მარტის თვიდან შეაჩერა.