მერძევეობის დარგის განვითარებისთვის ახალი პროგრამა იწყება. “მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის
multicat=36 და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების ხელმძღვანელმა საქართველოში ლალი დურმიშიძემ განუცხადა, პროგრამაში იმერეთი და საქართველოს კიდევ ხუთი რეგიონი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო ქართლი ჩაერთვება. კორონავირუსის გამო გამორიცხული არაა რეგიონების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
,,პროგრამის ძირითადი ხერხემალი საგრანტო კომპონენტია, რომელიც გულისხმობს მერძევეობის სექტორში დასაქმებულების გრანტებით უზრუნველყოფას. საგრანტო მიმართულებით დაახლოებით 12 მილიონია გათვალისწინებული, განაცხადების მიღების ვადა შეზღუდული არ არის. პროგრამა 6 წლიანია. საგრანტო მიმართულების გარდა იგეგმება მეცხოველეობის სექტორში საკვები ბაზის გაუმჯობესება, საძოვრების მართვის გაუმჯობესება, ეკოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას, პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას, სწავლებებს, გაკეთდება სადემონსტრაციო ფერმები, ამ სექტორში ცოდნა საკმაოდ დაბალია.”- განაცხადა ლალი დურმიშიძემ.
პროექტი ითვალისწინებს როგორც მსხვილი ასევე მცირე ფერმერების დაფინანსებასაც.
პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით თანადაფინანსებას. როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას. დასაშვებია მსხვილფეხა საქონლის სადაზღვევო პრემიის ან/და ძირითადი საშუალებების თანადაფინანსება შემდეგი მიმართულებით:რძის პირველადი წარმოება, რძის შემგროვებელი პუნქტი,რძის გადამამუშავებელი საწარმო, ცხოველის საკვების პირველადი წარმოება, ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება;
,, გრანტი შეუძლია მიიღოს როგორც მსხვილმა ფერმერმა, მაგალითად ვისაც 20 სულზე მეტი ჰყავს ძროხა, ასევე 5 სულზე მეტი ვისაც ჰყავს მათაც. ის მოთხოვა, რასაც ჩვენ ვთხოვთ ფერმერებს, რომ წესები უნდა იყოს დაცული და მერე გამოიტანონ ყველი გასაყიდად, ამისთვის შეუძლიათ გრანტი აიღონ. საწველი დარბაზი მოაწყონ, საწველი აპარატი იყიდონ და ზუსტად ის მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რასაც ევროკავშირი ითხოვს.”- ამბობს ლალი დურმიშიძე.
პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების, ბიზნეს მოდელის, ბიზნეს გეგმის და ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (გარდა საექსპერტო/საშემფასებლო/აუდიტორული დასკვნის ორიგინალი დოკუმენტისა) წარმოდგენა ხორციელდება ელექტრონული ფორმით სააგენტოს ვებგვერდის – www.arda.gov.ge -ს მეშვეობით.