,,მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ტურიზმი განვითარდეს იმერეთში.”- ამის შესახებ იმერეთის
multicat=36 გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ თერჯოლაში, შ.პ.ს ,,ხარებაში” სტუმრობისას განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო, შპს “ხარება” დაათვალიერეს. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის აგროტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრეს.
,,დავათვალიერეთ წარმოების მიმდინარეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ტურიზმის ძალიან ფორსირებულად განვითარდეს იმერეთში. ვინაიდან, ჩვენ ვიცით ის ახალი ამბები, რომელიც დაანონსებულია და ეხება მაგალითად წყალტუბოს და ზოგადად მთელ იმერეთს. ფეხი უნდა ავუწყოთ ტურიზმის და ბიზნესის ყველა მიმართულებით ამ ახალ ამბავს”.- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
“ხარებამ” სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა შექმნა. საწარმოში, წელიწადში, დაახლოებით, 7,000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება; საწარმოში 85 ადამიანია დასაქმებული.
პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 12.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1,062,000 ლარი შეღავათიანი აგროლიზინგია.