პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის
multicat=36 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობას უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება.
“შესაბამისად, დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობას წარვუდგინეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა მოახდენს სესხების გალარების სუბსიდირებას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი დაასახელა.
“აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს, 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ელი იანვრისთვის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია მსესხებელს ჰქონდეს მეტი სესხი, თუმცა იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს და ეს იქნება მსესხებლის გადაწყვეტილება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულით ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება იმიტომ, რომ მსესხებლები, რომლებსაც ყოველთვიურად უწევდათ ვალუტის შეძენა მათი შემოსავლების კვალდაკვალ, სესხის დასაფარავად, ამის გაკეთება არ მოუწევთ.
“ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ასევე მიაწვდის უკვე კომერციულ ბანკებს იმ ლარის რესურსს, რომელი ლარის რესურსიც საჭიროა. სტატისტიკურად, რასაც ჩვენ ვითვლით, 33 ათასს სესხს შეიძლება შეეხოს ეს ყველაფერი, მსესხებლების რაოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმებული იქნება უკვე კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების რაოდენობა და ასევე მომართვიანობის რაოდენობა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულის მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება ვალუტის რყევებთან მიმართებაში ჩვენი მოსახლეობის სესხების მომსახურების ნაწილში, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას აღარ გაეზრდება და აღარც შეუმცირდება ის ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც ისინი იხდიდნენ სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის რყევა იქნებოდა”, -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.