როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საბანკო სესხების გალარება ერთჯერადი
multicat=36 სოციალური პროგრამაა და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფით, უცხოური ვალუტით აღებული აქვთ სესხი 2015 წლის პირველ იანვრამდე.
“გთავაზობთ 2015 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკების მიერ აშშ დოლარით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხების გალარების პროგრამის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს.
რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა? – პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე;
პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.
მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას.
ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.
პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას. სესხების გალარება ნებაყოფლობითია.
ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები.
მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს.
რა ტიპის სესხებს მოიცავს გალარების პროგრამა? – სუბსიდირება ეხება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარის საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არა უმეტეს 100 ათასი ლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს.
მაგალითად, თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 150 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 120 ათას ლარს და სრულად არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 100 ათასი ლარის სესხზე; თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 80 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 70 ათას ლარს და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია მხოლოდ 60 ათასი ლარი, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 60 ათას ლარზე.
რატომ შეირჩა 2015 წლის 1 იანვარი? – აღნიშნული სქემის მიზანია მომხმარებლებს შევუმსუბუქოთ სესხის მომსახურების ტვირთის ზრდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს შეეხო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს. მათ ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება ბანკებს მოელაპარაკონ და გაალარონ სესხები.
რა პროცენტით გასცემს კომერციული ბანკი გალარებულ სესხს? – კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.
რა კურსით მოხდება სესხის გალარება? – სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.5 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.3 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
როგორ მოხდება იმ სესხების სუბსიდირება, რომელთა მოცულობა 100 ათას ლარზე მეტია? – ასეთი სესხის სუბსიდირება მოხდება 100 ათასის ფარგლებში. ანუ თუ სესხის ნარჩენი ღირებულება არის 150 ათასი, მოხდება 100 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 50 ათასი, მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე.
როგორ მოხდება იმ სესხების სუბსიდირება, რომელთაც განიცადეს რესტრუქტურიზაცია (მაგ თანხის დამატება, ან ვადის გაგრძელება)? – ასეთი სესხი ასევე მიიღებს მონაწილებას, თუმცა მხოლოდ ის თანხა რომელიც 2015 წლის 1 იანვრისათვის არსებულ დავალიანების 90%-ია, მაგრამ არაუმეტეს 100 ათასისა.
შესაძლებელია თუ არა სესხის სხვა ბანკში გალარება? – მსესხებელს ექნება შესაძლებლობა სესხი გაალაროს იმ ბანკში, რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. ამ პროგრამის ფარგლებში მოხვედრილი სესხებისთვის წინსწრებით დაფარვის საკომისიო გაუქმდება.
ეხება თუ არა სუბსიდია იმ სესხებს, რომელიც ლარით, ევროთი ან სხვა ვალუტით იყო გაცემული 2015 წლის 1 იანვრისთვის და მერე მოხდა მისი გადოლარება? – 2015 წლის 1 იანვრისთვის სესხი უნდა იყოს მხოლოდ აშშ დოლარით გაცემული. სხვა შემთხვევას სუბსიდია არ ეხება.
მოახდენს თუ არა გავლენას გალარების პროგრამა გაცვლით კურსზე და ბანკების სავალუტო პოზიციაზე? – სესხების გალარებისთვის აშშ დოლარის საჭირო მოცულობას ეროვნული ბანკი უშუალოდ მიაწვდის კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, ეს არ მოახდენს გავლენას არც გაცვლით კურსზე და არც ბანკების სავალუტო პოზიციაზე.
გალარების პროგრამა გაზრდის თუ არა ფულის მასას? – ამ ოპერაციით ლარის მასა ეკონომიკაში არ შეიცვლება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.