ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში ტარდება ვორკშოპი თემაზე: „მედიაწიგნიერება – ციფრული უნარები სასკოლო განათლებაში.“ პედაგოგებთან მორიგი შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან გაიმართა.
შეხვედრა აქტიურ და ინტერაქტიულ ფორმატში, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. სასაუბრო თემები სოციალური ქსელების მუშაობას, დეზინფორმაციას, ყალბი ამბების გადამოწმების ტექნიკებსა და მეთოდებს, ალგორითმების მუშაობას, ე.წ ქლიქბეითებს და ციფრულ მარკეტინგს შეეხო. აუდიტორიამ იხილა ნიკოლას ვეულის დოკუმენტური ფილმი „გამომიწერე,“ რომელიც ინფლუენსერებსა და ინსტეგრამის პლატფორმაზე ყალბი გამომწერების თაობაზე გვიყვება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება საინტერესო დისკუსია.
ვორკშოპზე დამსწრე პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ „ფიფლ ინ ნიდ“-ის გამოცდილებას და მეთოდოლოგიას, რომელიც OWIS-ის (One World in Schools – „ერთი მსოფლიო სკოლებში“) სახელითაა ცნობილი. ასევე, მიეღოთ ინფორმაცია დამხმარე სახელმძღვანელოების და დოკუმენტური ფილმების ვებ-მისამართების შესახებ.
პროექტი „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგარდი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, რადიო მარნეულთან პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედია აქტორების ინფორმირებულობის გაზრდას დეზინფორმაციის, ყალბი ამბების თაობაზე, ასევე, ახალგაზრდების, პედაგოგებისა და განათლების სისტემაში მომუშავე სხვა აქტორების ცნობიერების ამაღლებას მედიაწიგნიერების მიმართულებით.