რეგიონული ინიციატივების ცენტრმა „ნათელი მომავალი“ საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირითან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონში კვლევა განახორციელა. კვლევის მიზანი, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების მონიტორინგი იყო იმერეთის 14 საჯარო დაწესებულებაში (მერია/საკრებულო).

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველა მუნიციპალიტეტის მერიაში განსაზღვრულია გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი ან შექმნილია საკრებულოსთან შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო. თუმცა, მათი საქმიანობის ეფექტურობა დაბალია. ასევე დაბალია ცნობიერების დონე თავად დასაქმებულებში როგორც საკანონმდებლო, ასევე შიდა რეგულაციების  შესახებ.

„ხშირ შემთხვევაში დასაქმებულები არ ფლობენ ინფორმაციას თუ ვის უნდა მიმართონ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ან ფლობენ არასწორ ინფორმაციას. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ხშირად დასაქმებულები არ ფლობენ ინფორმაციას თუ რომელი უწყებები სწავლობს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებს სამუშაო ადგილებზე.“ – აღნიშნავს ანგარიშის ავტორი, ექსპერტი თამარ სურმავა.

შესაბამისად, გარკვეული რეგულაციების არსებობის პირობებში,  დასაქმებულთა სრულყოფილი ინფორმირება კვლავ გამოწვევაა. დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით კვლავ დიდი სამუშაო არის გასაწევი, რათა რეგულაციების შიდა დოკუმენტებში ასახვის პარალელურად მოხდეს მათი პრაქტიკაში სათანადო იმპლემენტაცია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *