პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს და მხარდამჭერებს ქოცები მალევე დაერქვა. თუმცა ქოცობა არ ნიშნავს მარტო ამ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდაჭერას. მისი არსი გაცილებით ღრმაა. შეიძლება ითქვას, სულის მდგომარეობაა, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც ჩამოყალიბდა.
და მაინც, ვინ არის ქოცი? ამ საკითხის გარკვევა გვიანდელი საბჭოთა კავშირის წიაღში უნდა ვცადოთ.
გვიანდელი საბჭოთა კავშირი ამ, უკვე არარსებული ქვეყნის განვითარების ადრეული ეტაპებისგან მკვეთრად განსხვავდება. იმ დროისთვის იდეური გიჟები, ტყავის მოსასხამიანი და მაუზერიანი ბანდიტები და მსოფლიო პროლეტარიატის გამარჯვებაზე მეოცნებე იდიოტები აღარ არიან. ისინი სისტემამ მოინელა. ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს, ზოგიც საზარბაზნე ხორცად აქციეს და „პროლეტარიატის იდეებს“, სინამდვილეში კი მოდიფიცირებული რუსეთის იმპერიის მიზნებს შესწირეს. მეოცე საუკუნის 70-იან, 80-იან წლებში მხოლოდ თითო-ოროლა, გულაგებგამოვლილ ხეიბარს თუ წააწყდებით. სამაგიეროდ, იმდროინდელი საბჭოთა კავშირი, შეშინებული, უფლებებაყრილი, ამავე დროს საოცრად თვალთმაქცი მედროვეებითაა დასახლებული, რომლებსაც თამამად შეგვიძლია პროტოქოცები დავარქვათ.
სწორედ ამ, პროტოქოცების ოჯახებში იბადებიან თანამედროვე ქოცები. ბავშვებს მშობლები თავიდანვე უნერგავენ, რომ რაიმე ღირებულების, ცხოვრებისეული პრონციპების, მორალის ქონა არარაციონალურია, უფრო მეტიც, საშიშია. ბავშვებს მშობლები შთააგონებენ, რომ უნდა ეცადონ, სულ იყვნენ უმრავლესობის გვერდით. გამოიყურებოდნენ ისე, როგორც გამოიყურება მასა, ამბობდნენ იმას, რასაც ამბობს მასა.
„შვილო, თუ შეხედავ, შენი თანაკლასელები ვინმეს ჩაგრავენ, მიდი და ერთი წიხლი შენც ჩააზილე. უმრავლესობამ უნდა დაინახოს, რომ მათიანი ხარ“.
„თუ კლასი შატალოზე მიდის, შენც უნდა წახვიდე. თუმცა, მანამდე უკეთესი იქნება კლასის დამრიგებელთან შატალოს ორგანიზატორები ჩაუშვა“.
უკვე თინეიჯერი ქოცი ქურდობაზე ოცნებობს, გოგონები ქურდის ცოლობაზე. თუმცა, ტიპიური ქოცი ბუნებით მხდალია, ამიტომ მისგან ქურდი არ გამოვა, სამაგიეროდ, გახდება კომუნისტი, რომელსაც „ქიციც ესმის და ქიცმაცურიც“. ანუ, სამეგობრო წრეში ქურდებიც ეყოლება და ძაღლებიც, ცოტა მოგვიანებით კი მღვდლებიც.
დამამთავრებელ კლასებში ქოცი უკვე სრულიად მზადაა გვიანდელ საბჭოთა კავშირისეულ ჭაობში საცხოვრებლად. იგი უპრინციპოა, მშიშარა, ფლიდი. სამაგიეროდ ზეპირად იცის რამდენიმე პატრიოტული ლექსი და ასეთივე მგზნებარე საბჭოთა ლოზუნგი.
80-იანი წლების მეორე ნახევარი.
საქართველოში ეროვნული მოძრაობა იწყება, რასაც ქოცი თვალს შეშინებული ადევნებს. ასეთი სწრაფი ცლილებებისთვის, პარადიგმების ამოყირავებისათვის იგი მზად არ არის. ქოცი ცდილობს გაერკვეს, საით იქნება უმრავლესობა, შესაბამისად ძალაუფლება. ამისთვის მას სპეციალური, მორალური კომპასი აქვს, რომელიც მშობლებმა უსახსოვრეს. მაგრამ, მოვლენები დინამიკურად ვითარდება და კომპასიც აშკარად ღალატობს. გარდა ამისა, მას უბრალოდ სძულს იდეალისტები. მათი ეშინია, მათ ბუნებრივ მტრებად მიიჩნევს.
ამ გაურკვევლობაში ქოცები ირევიან, მწყობრი ფალანგა თითქოს იშლება. ზოგი თვლის, რომ ეროვნულ მოძრაობას უნდა მიეკედლოს, ზოგიერთი ისევ ძველი ხელისუფლების ჩრდილში რჩება. მაგრამ ეს არ არის პრობლემა, ქოცი ქოცს შორიდანვე გრძობს.
90-იანი წლების პირველი ნახევარი.
სამხედრო პუტჩის შემდეგ ქვეყანა ქაოსშია ჩაძირული. ირგვლივ შეიარაღებული ბანდები დათარეშობენ. აფხაზეთის ომი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ქოცი თითქოს გარდაისახა. ის აღარაა სტანდარტულად ჩაცმული, სტანდარტული ვარცხნილობით და სტანდარტული გამომეტყველებით. მას სამხედრო ფორმა აცვია, წვერი მოუშვია, თავზე „ბენდენა“ წაუკრავს და კალაშნიკოვით შეიარაღებულა. არ იფიქროთ, რომ ქოცმა ომში წასვლა გადაწყვიტა. ბუნებით მხდალს ომში რა ესაქმება? იქ ხომ შეიძლება მოკლან კიდეც. ეს ეკიპირება ქოცს იმისთვის სჭირდება, რომ სიგარეტის „ბუტკების“ მეპატრონეები დააწიოკოს, ვიღაცებს ავტომობილები წაართვას და აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილ ბიზნესებს საარსებო საშუალება მოუსპოს. ქოცის კომპასი კვლავ გამართულად მუშაობს და ნათლად აჩვენებს, საითაა ძალაუფლება – ძალაუფლება ბანდების ხელშია.
90-იანი წლების მეორე ნახევარი – ვარდების რევოლუციამდე.
ქოცი კიდევ ერთხელ გარდაისახა, მან ფარაჯა გაიხადა და „ბენდენა“ მოიხსნა. იგი ძალაუფლების ახალი ცენტრებისკენ, „მოქალაქეთა კავშირის“ და „აღორძინებისკენ“ მიილტვის. თუმცა, წარსულის გამოცდილებით იცის, რომ პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრები მთლად საიმედო დასაყრდენი არ არის. ამიტომ უფრო სტაბილური ძალის ძებნაშია და ასეთ ძალას მალევე პოულობს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მმართველო ორგანო – საპატრიარქო ჯერ კიდევ ლენინის დროიდან გახდა ბოლშევიკების ინტერესის საგანი. თავიდან მას მტრად მიიჩნევდნენ. ეკლესიებს ანგრევდნენ, სასულიერო პირებს ხვრეტდნენ. მოგვიანებით პოლიტიკა შეიცვალა და კომუნისტებმა დაპირისპირების ნაცვლად ეკლესიის სრული კონტროლი განახორციელეს. ამ დროისთვის ეკლესიის მართვაში უკვე აღარაა დარჩენილი ძველი თობა, ახლები კი КГБ-ს ოფიცრები არიან.
სწორედ ამ ძალას მიიჩნევს ქოცი მოკავშირედ. მის გარეგნობაში ისევ ხდება ცვლილება. ახლა მას ჯვრებიანი ქუდი ახურავს, ყველა სუფრას პატრიარქის დღეგრძელობით იწყებს. იგი „გმირულად“ ებრძვის არამართლმადიდებლური მრწამსის მქონე ჯგუფებს, განსაკუთრებით იეღოლველებს. მიზეზი ნათელია, ამ სუსტი დაჯგუფებების დაჩაგვრა მარტივია, ქოცს კი მშვენივრად ახსოვს მშობლების დარიგება:
„შვილო, თუ შეხედავ, შენი თანაკლასელები ვინმეს ჩაგრავენ, მიდი და ერთი წიხლი შენც ჩააზილე. უმრავლესობამ უნდა დაინახოს, რომ მათიანი ხარ“.
ვარდების რევოლუცია.
ქოცის მახსოვრობაში უკვე მეორედ, ქვეყნის ხელისუფლებაში იდეალისტები მოდიან. თუმცა, ქოცი ისეთი დაბნეული აღარაა. ამ ხნის განმავლობაში იგი გაიზარდა, დაბრძენდა და ზუსტად იცის, იდეალისტი მისი ყველაზე საშიში მტერია.
ეს, განსაკუთებით თვალსაჩინო მაშინ ხდება, როდესაც ახალი ხელისუფლება რეფორმებს იწყებს. პირველ, „ღირსების შემლახველ“ დარტყმას ქოცი მაშინ გრძნობს, როდესაც განათლების რეფორმის ფარგლებში საერთო ეროვნული გამოცდები ინერგება. ჰო და ქოციც მოქმედებას იწყებს.
ის ბღავის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მთლიანად ნაციონალური მოძრაობა ეკლესიებს ანგრევს; რომ ახალი ხელისუფლება ნაციონალური, რელიგიური, თუ სექსუალური უმცირესობების მიმართ ლოიალურია; რომ იგი პირსისხლიანია და რაც ქოცის მხრიდან ყველაზე ცინიკურია – ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიის პრინციპებს ღლატობს.
2012 წლიდან დღემდე.
ქოცს უკვე ასაკი დაეტყო. თმაში შეპარული ჭაღარა მის გარეგნობას სანდომიანობას სძენს, მის სიტყვას დამაჯერებლობას. რაც მთავარია, მას ახალი ლიდერი, ახალი ბატონი გამოუჩნდა – რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი. გაუნათლებელი, მაგრამ გამჭრიახი, მასავით ფლიდი და უპრინციპო, „ტრიუკების ოსტატი“. მოკლედ რომ ვთქვათ – იდეალური ბელადი. ყოფილი ბატონი – საქართველოს საპატრიარქოც არ რჩება თამაშგარედ. ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ათეისტია, ქოცს წამითაც არ უქმნის უხერხულობას. საამისოდ ის უკვე ძალიან გამობრძმედილი და უტიფარია.
მმართველობის პირველ წლებში ყველაფერი იდეალურად მიდის. ქოცს ჰყავს „ბუა“ ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელზედაც სიამოვნებით ახორციელს მორალურ და ფიზიკურ ტერორს. დროთა განმავლობაში კოლექტიური „ნაცების“ რიგებს ავსებენ ჯერ კიდევ გუშინდელი თანამებრძოლები; ქართული ოცნების მიერ არჩეული, თუ დანიშნული პრეზიდენტები; სხვა პოლიტიკური პარტიები; არასამთავრობო ორგანიზაციები; მწერლები; მხატვრები; მუსიკოსები; მსახიობები; უნივერსიტეტების ლექტორები. მოკლედ ყველა, ვინც ქოცის შეხედულებებს არ იზიარებს, ან მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის.
პარალელურად, ქოცი საღვთო ომს უცხადებს ყველანაირ უმცირესობას. ქოცთა ოცდაათიათასიანი ლაშქარი გმირულად ამარცხებს რამდენიმე ათეულ ლგბტ აქტივისტს რუსთაველზე; სიამოვნებით მონაწილეობს ჟურნალისტების დასახიჩრებაში; ხმის ჩახლეჩვამდე ყვირის, რომ „გარეჯი საქართველოა“ და რომ „მამული ენა სარწმუნოება“.
როდესაც ქოცური რეჟიმით შეწუხებული მოქალაქეების რიცხვი იმდენად იზრდება, რომ შეშფოთებას საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ოფიციალური პირებიც გამოთქვამენ, ქოცი ხვდება, რომ „ნაცი“ უკვე აღარაა ისეთი კლიშე, ყველას რომ მოერგება. ამიტომ ახალ ტერმინს იგონებს – „გლობალური ომის პარტია“, რომელშიც თავისუფლად შეგვიძლია მთელი ცივილიზებული მსოფლიო მოვიაზროთ.
2024 წელი.
ქოცი ფიქრობს, რომ ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. მას აქვს ძალაუფლება, ფლობს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს. იგი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ღიად უპირისპირდება დასავლეთს. ამაყად ამბობს, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ლიბერალური ღირებულებები არ სჭირდება. უფრო მეტიც, წინააღმდეგობაშია ქართველის, როგორც ყველასგან გამორჩეული ნაციის ტრადიციებთან. ის უკვე ღიად იწყებს „სუვერენულ დემოკრატიაზე“ საუბარს და ოდნავადაც არ გრძნობს უხეხულობას, რომ მისი ლექსიკა წვეთი წყალივით ჰგავს ოკუპანტი სახელმწიფოს რეჟიმის მიერ დამკვიდრებულ ნარატივებს.
მაშინ რატომ ჰქვია ამ ტექსტს ქოცთა ვარამი?
საქმე იმაშია, რომ ქოცური რეჟიმი თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათია. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ნაპარავი და მიტაცებული ფულის თვლაში მას საკუთარი შვილი მიავიწყდა. შვილი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, საინფორმაციო საუკუნის პირობებში გაიზარდა და დღეს ხმამაღლა, მრისხანედ ყვირის:
ქოცო გააჯვი!!!
ირაკლი მაჩიტაძე
2 მაისი, 2024 წელი.