სხვადასხვა უნივერსიტეტის 237 პროფესორი პარლამენტს მიმართავს, “არ მიიღონ რუსული კანონი”. ლექტორების მიმართვა დღეს, 6 მარტს საქართველოს პარლამენტის წევრებს უკვე გადაეცა.
“დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას – გახდეს ევროპული ქვეყანა.
ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თაობების წინაშე, რომელთა მომავალიც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს როგორც ამ კანონის მიღებამ, ასევე ყველამ, ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს. ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენი არასწორი არჩევანით პასუხისმგებელნი იქნებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე.
მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება – ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი”, – ნათქვამია პროფესორების განცხადებაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ დარეგისტრირებულ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით განიხილავენ. კომიტეტის დარბაზში შესვლა შეზღუდულია. დარბაზამდე მისასვლელი გზა სამართალდამცავებს აქვთ გადაკეტილი და უშვებენ მხოლოდ მათ ვინც სპეციალურ სიაშია.