ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც როგორც ქუთაისში, ასევე იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გასულ წელს განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას ახალგაზრდა ევროპელი ელჩებიც ესწრებოდნენ. იმსჯელეს ერთობლივ გეგმებზე, რომელებიც არასამთავრობო სექტორთან ერთად ახალგაზრდების გაძლიერების კუთხით უნდა განხორციელდეს.
,,ეს წლის პირველი შეხვედრა იყო. კოლეგებს მოკლედ გავაცანი ,,სამართლიანი არჩევნების’’ მიერ მიგნებული ინფორმაცია რუსული პროპაგანდის შესახებ. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ რუსული პროპაგანდის შემცველი საინფორმაციო გვერდები გვხვდება როგორც ფეისბუქზე, ასევე ინტაგრამზე, ტელეგრამზე, ტიკტოკზე და სხვა პლატფორმებზე. სამწუხაროდ, ეს ინფორმაციები საზოგადოებაზე აისახება. ჩვენი ორგანიზაცია თებერვლის თვეში ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიზნით იწყებს ტრენინგების კურსს, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტს მოიცავს. ასევე, განხორციელდება პროექტი ,,მე ხმას ვაძლევ პირველად’’. ვიმუშავებთ ახალგაზრდებთან, რომლებსაც 2024 წელს 18 წელი უსრულდებათ. მათ ვესაუბრებით იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ხმა არჩევნებში და რამდენად აუცილებელია ჩაერთონ ამ პროცესში,’’-ამბობს ,,სამართლიანი არჩევნების’’ ქუთაისის რეგიონული კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.
,,გასულ წელს ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი პროფორიენტაციის მიმართულებით. იმერეთის მასშტაბით 20 სკოლაში მოსწავლეებს გავაცანით პროფესიული კოლეჯები და მათი პროგრამები. როგორც წესი, მოსწავლეების უმეტესობა ე.წ პოპულარულ პროფესიებს ირჩევს, რადგან მათ არ აქვთ ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც პროფესიული კოლეჯები სთავაზობენ. ამ კუთხით მოსწავლეებს მივაწოდეთ ინფორმაცია. გარდა ამისა, ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგთან’’ ერთად ჩვენ გავაძლიერეთ ახალგაზრდული საბჭოს წევრები, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ჩავატარეთ იმიტირებული საკრებულოს სხდომა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ახალგაზრდებში,’’-ამბობს ,,სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრის” პროექტების მენეჯერი თეონა ფურცხვანიძე.