“ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი პერსონალიდან კორონავირუსი არავის დაუდასტურდა.

 

მისი თქმით, ადვოკატების PCR ტესტის პასუხებს ელოდებიან.

,,ჩვენმა ეპიდოლოგიურმა სამსახურმა მოკვლევა დაასრულა, ყველა იმ პირს, ვისაც შემხებლობა ჰქონდა პაციენტთან, კოვიდი არ დაუდასტურდა. შემსვლელებში არიან ადვოკატები, რომლებმაც არ წარმოადგინეს PCR ტესტი. დღესაც ველოდებოდით და არ გამოჩენილან”, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

პაციენტის მდგომარეობაზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვს – მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური.

“ტემპერატურა არ აქვს, აქედან გამომდინარე, რაც განაცხადა ადვოკატმა, რომ სარეანიმაციოა, ეს მისი ხედვაა. პაციენტს კონსულტაციას უწევენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები და არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას. იგი მკურნალობას აგრძელებს პალატაში”.

მიხეილ სააკაშვილის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა 24 იანვარს გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა, ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. 2022 წლის 12 მაისიდან მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *